განათლების მინისტრის მოადგილესთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, უნივერსიტეტის აკადემიურმა ხელმძღვანელობამ, საბჭომ, დეკანებმა, ლექტორებმა, ადმინისტრაციამ თავისი მოსაზრებები წარმოადგინეს, რა არის დადებითი შერწყმაში და რას ვხედავთ უარყოფით მხარედ, ეს იყო პროფესიული საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაიგეგმა, რომ კვირის ბოლოს შეხვედრა შედგება განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც საბოლოო პოზიციები შეჯერდება.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. მე, როგორც ლექტორს, პირადი აზრი დიდი ხანია, მაქვს, მაგრამ არ მაქვს უფლება, აზრის დაფიქსირების, ვიდრე ყველა მხარესთან არ მექნება საუბარი. ჩემს აზრს,  დავაფიქსირებ კოლეგებთან, შემდეგ კი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ერთი წელია, 19 უნივერსიტეტი და განათლების სამინისტრო ვმუშაობთ განათლების რეფორმაზე, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მაგრამ უნივერსიტეტის გაერთიანებაზე გადაწყვეტილება ჩემთვის და ჯაბა სამუშიასთვის ცნობილი წინა დღეს გახდა. მეორე დღეს მინისტრთან შეთანხმებით შევკრიბეთ პროფესორ-მასწავლებლები და გავაცანით ეს იდეები. მე და ჯაბა სამუშიამ ვიცით, რამხელა ტვირთი გვაქვს, გარწმუნებთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა გურგენიძემ.