პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, განათლების რეფორმის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან არცერთი არგუმენტი არ მოუსმენიათ.

კერესელიძის თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება დასაბუთებული უნდა იყოს.

„ხელისუფლებისგან მოვისმინეთ არგუმენტები განათლების რეფორმის ეფექტიანობაზე? რა თქმა უნდა, არ მოგვისმენია. არცერთი არგუმენტი არ იყო. არგუმენტად თუ მიგაჩნიათ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდნენ, ეს არგუმენტი არ არის. არგუმენტები ჯერ ხელისუფლებამ უნდა მოიტანოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მისი გადაწყვეტილებები სწორია. არგუმენტირებულად დასაბუთებული უნდა იყოს, რატომ აერთიანებენ უნივერსიტეტებს. ეს რეფორმა განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების წინაშე გამოიტანეს, იმსჯელეს, გააცნეს? რა თქმა უნდა – არა. ერთი-ორი ადამიანი დაჯდა, რაღაც დაწერა, მონახაზი გააკეთა და თქვეს, რეფორმა იდეალური არისო. ეს მაშინ ხდება, როცა ცვლილებებს არავინ ეთანხმება“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.