პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილი. 

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო.

დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არამარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც - ის გახლდათ ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი.

გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში. ბატონი თენგიზი, კოლეგებთან ერთად, ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და გამონაკლისი არც პანდემიასთან ბრძოლა იყო.

გულწრფელად თანავუგრძნობთ შესანიშნავი პიროვნებისა და პროფესიონალის, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის - თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და ჩვენს საზოგადოებას." - ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

ცნობისთვის, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, თენგიზ ცერცვაძე ავადმყოფობის გამო  76 წლის ასაკში გარდაიცვალა.