ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან,  გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაობი თბილისის მერმა ადგილზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„არსებული სიტუაცია დიდ პრობლემას წარმოადგენდა, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქ არის სკოლა, უნივერსიტეტი, ტრანსპორტის ძალიან დიდი ნაკადები გადაადგილდება, ბევრი ადამიანი ცხოვრობს ირგვლივ, როცა არ არსებობს საპარკინგე სისტემა, ელემენტარულად, გადაადგილება ჭირდა, ავტომანქანები გასაჩერებლად იყენებდნენ გზის სავალ ნაწილს, არ არსებობდა ტროტუარები. დაახლოებით, ოთხი მეტრით გაფართოვდება გზა, მოეწყობა ტროტუარები და გამოიყოფა საპარკინგე ადგილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გზის უსაფრთხოების მიზნით,  ფერდზე 240 მეტრის საყრდენი კედლის მშენებლობა ხორციელდება.

სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარით  დაფინანსდება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე იმყოფებოდნენ.