თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.
როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, იპოდრომზე, დაახლოებით 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, სამუშაოები იქ უკვე მიმდინარეობს, მის მიმდებარედ კი 4 ჰექტარზე იგეგმება განაშენიანება, რომლის რეგულირების გეგმის პროექტს დღეს განიხილავენ.
„მოსახლეობისთვის ცნობილია, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე შენდება საქალაქო მნიშვნელობის პარკი. ამ ტერიტორიის გასხვისება ზუსტად იმ ადამიანების მიერ მოხდა, რომლებიც ახლა მშენებლობას აპროტესტებენ და ურბანული გენოციდის მოწყობაში გვდებენ ბრალს, არადა სწორედ მათ მოუხსნეს აღნიშნულ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი და სამშენებლო ნებართვები გასცეს მრავალსართულიანი ნაგებობებისთვის. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ფონდი „ქართუ“, მათი კეთილი ნება, რა თქმა უნდა, დღეს ამ ტერიტორიაზე უკვე მრავალბინიანი კორპუსები იქნებოდა და ახლა ამ თემაზე აღარავინ ისაუბრებდა. ჩვენს დედაქალაქს ექნება ძალიან ლამაზი პარკი, ამაზე კი არავინ საუბრობს“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია გააპროტესტოს და რას აპროტესტებს, ამას არა აქვს მისთვის მნიშვნელობა.
„ოპონენტების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ სადმე რაიმე მშენებლობა მიმდინარეობს, არის სირცხვილი. ჩვენს ქალაქს მათ რაც დამართეს, ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ვცდილობთ მათი გაფუჭებული საქმეების გამოსწორებას“, - დასძინა ავთანდილ ცინცაძემ.