თბილისის საკრებულოს წევრმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა.
როგორც ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს არასოდეს არ გაუმახვილებიათ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე და არც ინიციატივა არ გამოუთქვამთ.
„ძალიან ბევრი გამოსვლა მოვისმინე ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების. ისინი აცხადებენ, ჩვენი ინიციატივები განხილული არ იყოო, თუმცა არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ზუსტად კახა კალაძის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, 10 ათასობით დაზარალებული ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი, ამ ადამიანების რიცხვს მიემატება 300-მდე ოჯახი. ეს ოჯახები რომ დაკმაყოფილდება და მათ ეცოდინებათ, თუ სად უნდა იცხოვრონ, ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს?! არცერთს ხმა არ ამოგიღიათ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რადგან ეს თქვენ არ გაინტერესებთ. თქვენ მხოლოდ ცდილობთ შეასრულოთ ხაბეიშვილის და ახლა უკვე გვარამიას დავალებები. ამ ადამიანებსაც ხომ არ მოუხდიდით ბოდიშს, რადგან წინა სხდომებზეც არ იყავით მომხრე, რომ ეს ადამიანები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულიყვნენ! ზუსტად ეს არის კახა კალაძის ინიციატივები და საკრებულოს გადაწყვეტილებები და თქვენი ინიციატივებიდან რომელია დამყარებული ფაქტებზე და რომელია ნორმალური განსახილველი?! ყველა განხილულია და ყველა ალოგიკურია“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.