თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით და თბილისის მთავრობის განკარგულებით, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამით“ დასაფინანსებელი ბავშვების რაოდენობა იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

ცვლილება „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდა.

მიღებული ცვლილებით, ქვეპროგრამის ფარგლებში 1850 ბენეფიციარი დაფინანსდება.

"აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამით დასაფინანსებელი ბავშვთა რაოდენობის ზრდა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. დამატებით 300 ბავშვი მიიღებს საჭირო სერვისებს. პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, რაც ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობის წინაპირობაა“, - განაცხადა საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ.

წესის ამჟამად მოქმედი რედაქციით, ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში  1550 ბენეფიციარი ფინანსდება, ხოლო წარმოდგენილი  პროექტით, ბენეფიციარი ბავშვების რაოდენობა 300-ით  იზრდება.

მანამდე, აღნიშნული ცვლილების საკრებულოს სხდომაზე განხილვას დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დაუჭირეს მხარი.