გარდა იმისა, რომ ხელოვნების სასახლე დედაქალაქის ერთადერთი სასახლე-მუზეუმია, ის, ასევე, ერთადერთი მუზეუმია საქართველოში რომელიც, უკვე წელიწად-ნახევარია, Google arts and culture-ის სივრცეშია განთავსებული.

Google arts and culture ყველაზე დიდი კულტურული ონლაინ პლატფორმაა, რომელშიც შესაძლებელია მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუზეუმებისა და გალერეების ვირტუალურად, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით დათვალიერება. მის სივრცეში თავმოყრილია ისეთი მნიშვნელოვანი მუზეუმები, როგორებიცაა: ნიუ- იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ლონდონის ეროვნული გალერეა, ვერსალის სასახლე, ფლორენციის გალერეა უფიცი, ბრიტანეთის ტეიტი, ამსტერდამის რეიკსმუზეუმი, ბერლინის პერგამონის მუზეუმი, ათენის აკროპოლისის მუზეუმი და სხვა...

ამ უდიდეს წარმატებაში ენით აღუწერელი წვლილი მიუძღვის სასახლის თითოეულ თანამშრომელს, რომელთა შესახებ ჩვენ აუცილებლად ცალკე მოგიყვებით რუბრიკაში „ამბები ადამიანებზე“. დღეს კი, ჩვენი რუბრიკის სტუმარი ამ სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია გახლავთ.

გთავაზობთ ამონარიდს გიორგი კალანდიას ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც მისი ცხოვრების აქამდე უთქმელ ამბებს ეხება...

"კი, კი, ზვიადი ჩემთვის იყო ძალიან ძვირფასი ადამიანი.. მე მქონდა ის ბედნიერი შემთხვევა, რომ მას პირადად ვიცნობდი, მასთან მისაუბრია, მასთან ურთიერთობა მქონია, არც ისე მჭიდრო, როგორც სხვებს, მაგალითად მამაჩემს, მაგრამ მე მას ვიცნობდი პირადად და მქონდა საშუალება მასთან მესაუბრა.

სხვათა შორის, არასდროს მომიყოლია ეს ამბავი, რასაც ახლა გეტყვით...მე ვაგროვებდი ზვიადის არქივს. როდესაც მივხვდი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც თბილისის ომი დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის ბავშვი ვიყავი, ეს ამბავი ცუდად დამთავრდებოდა, ვცდილობდი ყველაფერი შემეგროვებინა მის შესახებ.

არავისთვის მომიყოლია ეს ამბავი და ამას ძალიან ვნანობ. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, რაც კი ცხოვრებაში მქონია. მერე სამეგრელოში ვიყავი, იქაც მუდმივად ვაგროვებდი ყველაფერს, ეს იყო მისი მიმართვები, ხელნაწერები, მისი პირადი მიმოწერები, სხვათა შორის ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც მერე ბევრი ცუდი რამ გააკეთეს მასთან მიმართებაში. ამას ყველაფერს თვითონ მაძლევდა და მქონდა ეს ყველაფერი. როდესაც მხედრიონი შემოვიდა სამეგრელოში, აი როცა უკვე დამთავრდა ეს ომი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცნობილი მოვლენა ხომ გახსოვს, დაიჩოქეს, „ჩვენ ავლოკავთო“ და რუსეთის „ესენგეში“ შევიდნენ.

სხვათა შორის, სულ მინდა ხოლმე პარალელი გავავლო, ის ადამიანები, აი ახლა ვინც იქ დაჩოქილები იყვნენ და ამბობდნენ, „ჩვენ ავლოკავთ“, ის ადამიანები ახლა სხვებს რუსეთუმეებს ეძახიან და თითქოს დასავლური ღირებულებების მოტრფიალენი არიან. გახსოვთ ხო, ბალტინის ჯარი რომ მოადგა ფოთს... არასოდეს დამავიწყდება, ჩვენ ყველამ ცხადად განვიცადეთ ეს საშინელება. ამბობდნენ, რომ ისეთ ჭურვებს ისროდნენ, რომელიც მანამდე არც კი გვქონდა გაგონილი და ისეთი სამხედრო ტექნიკა შემოვიდა სამეგრელოში. და აი, აქ გაქცევის დროს, ეს არქივი დავკარგე, რომელსაც ვერასოდეს მოვინანიებ. როგორ დავკარგე, არ ვიცი, იმიტომ რომ იყო ღამე, მივდიოდით ჯერ ტრანსპორტით, მერე ფეხით, იმიტომ რომ გვითხრეს შემოდიოდიდნენ მხედრიონელები რუსის ჯართან ერთად, ბევრი ჭორ-მართალიც იყო. ამბობდნენ, რომ ფოთიდან რუსი მოდის, თბილისიდან - მხედრიონიო და ეს იყო მართლაც დიდი განსაცდელი.

მანქანაც არ ერქვა, კუკუშკას მსგავსი მანქანით მივდიოდით, ყუთებით და ყველაზე ძვირფასი რაც იყო ჩემთვის, ეს იყო არქივი და ეს არქივი დავდევი ამ გადასატან რაღაცაზე... და დამეკარგა, ან ხევში გადავარდა, ან სიბნელეში... რომ მოვტრიალდი უკვე აღარ იყო ეს ყუთი. გხსენებაც კი მიჭირს ამ ამბის... მერე დედაჩემი ჩამოვიდა, რომელიც თბილისში იყო და როდესაც გაიგო, რომ რუსის ჯარი სამეგრელოში შემოდიოდა, წამოვიდა. მარანთან, სადაც შეტაკების ზონა იყო, დაბომბვაში მოხვდა და მოვიდა გაუბედურებული, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა ეს სამოქალაქო დაპირისპირება.

სახლს, რომელსაც თავი შეაფარა, მერე ცეცხლი მოეკიდა...

საშინელი ტრაგედია გამოიარა ერმა, ეს იყო მთელი ერის ტრაგედია, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი მოვლენების წინაპირობა გახდა...

რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი ეროვნული ტრაგედია. ჩემი და თბილისში მხედრიონის ტერორის ქვეშ აღმოჩნდა, იმიტომ რომ მხედრიონი მოვიდა სახლში, მამაჩემს ეძებდა, მე მეძებდნენ და ასე შემდეგ . რას მოვაყოლე ეს ყველაფერი... მიუხედავად ასეთი დიდი სირთულისა, მე არასდროს შემრცხვენია იმის, რომ ვიყავი ზვიად გამსახურდიას მომხრე, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია არასდროს გამტყდარა, არასდროს დაუხრია თავი, არა თუ თავი, თვალები არ დაუხრია მტრის წინაშე, არ გატეხილა მორალურად და ყოველთვის იყო ბრძოლის პირველ ფრონტზე.

სხვათა შორის ესეც უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს ეს არ გაუხარდებათ, მაგრამ მაშინ მახსოვს დასავლური სახელმწიფოების რეაქცია, აშშ-ს, ევროპის, სრული მდუმარება, სრული სიჩუმე იმაზე, რომ კანონიერი ხელისულება დაამხეს... ამას დღეს არავინ ამბობს.