ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება​ - ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო:

"შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ბევრია საკითხი, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან მშობლები.

ჩვენ, საპატრიარქოს, გვაქვს გარკვეული გამოცდილება საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებში ჩართვისა, ასეთი საკითხები წყდებოდა ხოლმე გაფართოებული ფორმატით, სადაც სპეციალისტები იყვნენ ჩართულები.

შევეცდებით, საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის ჩვენი მონაწილეობით. საპატრიარქოს მხრიდან აქ ჩართული იქნება წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა.

ასე რომ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს მიეცეთ შესაბამისი დახმარება,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.