მამუკა მდინარაძეს არ ვიცნობ და საერთოდ, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი. ბატონ მამუკას დღემდე არ შევხვედრივარ, თვალით საერთოდ არ მყავს ნანახი, სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ ადამიანს. შესაბამისად, საგარეჯოში მომხდარის დროს ადგილზე არ ყოფილა. - ამის შესახებ რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმეში, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა მედიასთან განაცხადა.
"უმცროსი შვილის, მომსახურე ქალბატონის თანდასწრებით, ჩემი უახლოესი, ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით ვის უნდა ჰქონოდა ზეწოლა? მე, მამამისს, თუ მის სიძეს? თორნიკეს ჰქონდა ერთი ძალიან ცუდი თვისება, რომელზეც მუდმივად მქონდა ხელჩართული ბრძოლა. ვთქვათ, დაიწერა რამე, მას ეჭირა ტელეფონი და უნდა ჩაყოლოდა კომენტარის, კომენტარის, კომენტარს. ზუსტად მაგას ვეუბნებოდი, თორნიკე, ეს შენ გადაგიყვანს ჭკუიდან. არ შეიძლება ეს, რადგან მილიონი უსაქმურია, მილიონი გაბოროტებული ადამიანია. ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, მას უპირებდნენ ელჩობას? ადამიანზე როცა ახდენენ ზეწოლას, მას ასე თავისუფლად უცხოეთში, თავის ოჯახის წევრებთან განუსაზღვრელი ვადით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე არ უშვებენ. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი დავით რიჟვაძე არასდროს არ ყოფილა დაკითხვაზე. სუს-ში დაბარების მსგავსი მე არ მსმენია.
დილით უნდა წამოვსულიყავით, 08:00 საათზე მყავდა მძღოლი დაბარებული. დავისვენოთო რომ ვთქვით, გამოვედით და მან მთხოვა, საფერფლე და სიგარეტი მომეციო. სიგარეტი მედო იმ მაგიდაზე, რომელიც დიდ ოთახშია. შევედით, მე მივეცი საფერფლე, ის გავიდა. ამ დროს ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი შევაერთე დასატენად და რამდენიმე წუთში მესმის ტელეფონის ზარი. გამოვედი, დავხედე, თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, ხმა არ გამცა. შემდეგ გავთიშე და გადავურეკე, შეიძლება, კავშირის პრობლემა იყო-მეთქი. გადავურეკე და აღარ იღებდა. რომ არ იღებდა, გამოვედი ინსტიქტურად, გამეგო, რა ხდებოდა“.
ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ გასროლის ხმა არ გაუგია.
რაც შეეხება იმას, თუ ჰქონდა თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც თურქეთში გადაიყვანეს, ალექსი ახვლედიანის განმარტებით, მასთან კომუნიკაცია საკმაოდ შეზღუდულია ოჯახის წევრებისთვისაც.
„როგორც მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა. მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება. ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. ბოლო ინფორმაციით, თვალის პრობლემა უფრო გაუმწვავდა, ეტყობა ამ სტრესის შემდეგ და ალბათ ამ დღეებში თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ამავდროულად, ალექსი ახვლედიანის შეფასებით, მის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
„მე არასდროს ღიად იარაღი არ მიტარებია. ყოველთვის იდო დახურულ ჩანთაში, დახურულ სივრცეში. არც ვიცი დღემდე, რა დროს დაეუფლა ის ჩემს იარაღს“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურატურის ბრალდებით, თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალეკო ახვლედიანის "გლოკის" იარაღი, რომელიც დაუდევრად იყო დატოვებული შემინულ ფანჩატურში, გაიტანა საძინებელში და თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ინფორმაციით, 2025 წლის 7 ივლისს საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.