გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.
„ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. საავადმყოფოში ასევე იყვნენ ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი კონტაქტურია.
არსებული ინფორმაციით, კახეთში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსთან, ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა ალექსი ახვლედიანს.მას ცოტა ხნის წინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.