პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდება ის არაელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდე გაიცა.

ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტის მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ ახალ პირადობის მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.

„პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით - შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას“, - წერია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.