20 მაისი წმინდა ასურელი მამის იოანე ზედაზნელის ხსენების დღეა. დღესვე აღინიშნება მისი სახელობის მონასტრის დღესასწაული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 20 მაისს, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს.
🔸 დღესვე 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
იოანე ზედაზნელი, ზედაზნის მონასტრის დამაარსებელი, სირიელი საეკლესიო მოღვაწე. საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI ს. შუა წლებში, თან მოიყვანა მრავალი მოწაფე (იხ. ასურელი მამები).
თავდაპირველად მცხეთაში ცხოვრობდა, შემდეგ მცხეთის მახლობლად, მდ. არაგვის გაღმა, ზედაზნის მთაზე ააშენა მონასტერი, საიდანაც თავისი მოწაფეები დაგზავნა ქართლისა და კახეთის მხარეებში ქრისტიანობის განსამტკიცებლად და ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად.
ი. ზ-ს საქართველოში მოსვლიდანვე დახმარებასა და მფარველობას უწევდა ქართლის კათოლიკოსი ევლალე I. ი. ზ-ის მოღვაწეობა აუწერიათ VI–VII სს-ში, მაგრამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. X ს-ში მისი ცხოვრება აღწერა კათოლიკოსმა არსენ II-მ, რ-საც გამოუყენებია ძვ. ტექსტი. მის შესახებ ცნობებს შეიცავს შიო მღვიმელის მეტაფრასული „ცხოვრება". ი. ზ. დაკრძალულია ზედაზნის მონასტერში, ტაძრის სამკვეთლოსთან. საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესია ღირს ი. ზ-ს იხსენიებს 7 (20) მაისს თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად.
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაძნელისაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.




