თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში 90  ოთახია, თითოეული ოთახის კარს, ოთახს და მასში მცხოვრებს თავისი ისტორია აქვს... ყველა სევდიანი, ყველა ცრემლიანი და ყველა ჭაღარა. კარიდან ერთ-ერთი სამამულო ომის მონაწილეს, 94 წლის შალვა ბოჟაძეს ეკუთვნის. 

მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებლებს შორის ბატონი შალვა ყველაზე უფროსია, თუმცა  თითქმის 5 წელია რაც აქ  ცხოვრობს. 

17 კვადრატულ ოთახში ერთი საწოლი, პატარა მაგიდა, ორი სკამი და კარადა დგას, კედელზე თაროები და მასზე შემოლაგებული წიგნები, სიგელები, სურათები და წამლები. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის დასრულების დროს კურსელებთან გადაღებული სურათია,რომელიც  ყველა სურათისგან მოშორებით არის ჩამოკიდებული. ფართო აივანი და აივანზე შემოსული ვაზი, კარგად დამწიფებული მტევნებიდან მზეს სხივებად უშვებს და ასე ანათებს დიდი ცხოვრებისეული ისტორიებით სავსე ოთახს.

ასაკის მატებასთან ერთად სამხედრო ნაბიჯების რითმმა იკლო და ახლა ნელი, დინჯი ნაბიჯებით დადის. თავშესაფარში მოსვლის დროს ვაზი დარგო, რომელსაც დღემდე შვილივით უვლის. 

"რუსეთში მომიწია ცხოვრება, აქ ჩემს შვილიშვილებს დავუტოვე ბინები. ორი ბინა მქონდა.რომ ჩამოვედი, იმათ გადაცვალეს ეს სახლები, გადავიდნენ ერთი ამერიკაში და ერთი ბელარუსში. ამიტომ ვარ მე აქ. სახელმწიფო დიდ ყურადღებას მაქცევს, პენსიას 200 ლარზე მეტს ვიღებ, დავყავართ კონცერტებზე, თაეტრებში, ექსკურსიებზე. 

15 ორდენი და მედალი, 21 მადლობა მაქვს სტალინის მიერ გამოცხადებული. 94 მადლობა, კონევის, გენერალი იყო მაშინ. თუ თავს გამოვიჩენდი დაფასება არ მეკლდა. ერთ-ერთი იყო, მდინარე თერგზე ხიდი ამეფეთქებინა, უნდა ისე აფეთქებულიყო,რომ საყრდენი არ მოშლოდა, მხოლოდ სავალი ნაწილები. ღამე იყო, ორი, და ისე უნდა დავწოლილიყავი , რომ შორიდან ვინც დამინახავდა , მკვდარი ჯარისკაცი აგდიაო, ცოცხალი რომ დავენახე  მომკლავდნენ . ეს დავალება კარგად შევასრულე. ჩვენს ჯარისკაცებს ვურჩევ გმირული შემართებით იყვნენ და ემსახურონ სამშობლოს ერთგულად. ახლა ვუვლი ვაზს, აქ მოსვლის დროს მოვიტანე, გარგარის ხეც მქონდა, მაგრამ ის გახმა. ვაზის გაჩეხვა არ არის სწორი, საშინელებაა. გლეხმა ვაზს უნდა მოუაროს ისე,როგორც შვილს. ხანდახან ხდება ისე, როგორც ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ყველამ რომ ასე გააკეთოს, გაჩანაგდება საქართველო.“

ასე სამშობლოზე ფიქრში სრულდება დღე და მოლოდინში იწყება დილა. 

ოთახის კარს კი ღიას ტოვებს...

ავტორი: ლანა ოსიშვილი