14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა, რომლის მიზანიც უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა.

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სპეციალურ კამპანიას შეუერთდა - ცენტრის წარმომადგენლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი.


ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ერთი ადამიანის მიერ, გაღებული სისხლით, სამი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი. 


უსაფრთხო სისხლის მნიშვნელობაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ. მისი თქმით, 2011 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის, სისხლის
უსაფრთხო მარაგების შექმნას უზრუნველყოფს.


აღსანიშნავია, ყოველწლიურად იმატებს დონორთა რაოდენობაც და 2023-2024 წლებში, ეს მაჩვენებელი 62 000 - 63 000-ს აღემატებოდა.


სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2004 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება.