თეიმურაზ უგულავას კუთვნილი კომპანიისთვის(შპს აჭარა +, სარეგისტრაციო ნომრით 205090890) თბილისში, Holiday Inn-ის შენობის წინ არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების კანონიერების საქმეზე გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
როგორც "აიპრესს" საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისების კანონიერების დასადგენად მიმდინარეობს.
"გამოძიება სასტუმრო Holiday Inn-ის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის გასხვისების კანონიერების დასადგენად მიმდინარეობს. თუ დადგინდება დანაშაული, რასაკვირველია დადგება პასუხისმგებლობის საკითხიც, ვისი - ამას გამოძიება დაადგენს",-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ ვიცი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს საეჭვო პირობებში გასხვისებული ქონების საქმეზე. "აიპრესი" საქმესთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების შესახებ მოძიებულ საჯარო ინფორმაციას გთავაზობთ.
საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი უგულავას კუთვნილი კომპანია "აჭარა +"-სთვის 2007 წელს იქნა გადაცემული. მოგვიანებით, უგულავამ ეს ქონება კვიპროსში დარეგისტრირებულ კომპანიაზე - "მისტოსანტ ლიმიტედ"-ზე(საქართველოში - შპს "ჯი-ი-ემ დეველოპმენტზე") გაასხვისა, რომელმაც, თავის მხრივ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა მოისურვა და 2013 წელს მშენებლობის ნებართვა მიიღო. მშენებლობა კომპანიას გარკვეული მიზეზების გამო, ამ დრომდე არ დაუწყია.
საინტერესოა, რომ შპს "ჯი-ი-ემ დეველოპმენტში", რეესტრის ამონაწერის მიხედვით როგორც წარმომადგენელი და გარკვეულ შემთხვევებში როგორც განმცხადებელი ფიგურირებს - პაატა სირაძე. სირაძე არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. სხვადასხვა პერიოდებში იგი მერიის დაქვემდებარებული შპს "ქალაქპროექტის" ინტერესებს, ასევე თბილისის მთავრობის მიერ მართული კომპანიების ინტერესებს წარმოადგენდა. ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების შემდეგ, ის დროებით დირექტორადაც მუშაობდა. მოგვიანებით, 2014 წელს, ტელეკომპანია "იმედისა" და რიყის გასხვისების საქმეებზე პაატა სირაძე როგორც ბრალდების მხარის მოწმე გადიოდა.
აღსანიშნავია, რომ რეესტრის მონაცემებით, 2010 წელს დაფუძნებული შპს "სითი"-ს დოკუმენტაციაში, სირაძე და დავით შავლიაშვილი (რეგიონული განვითარების მინისტრი) როგორც ბიზნესპარტნიორები ფიგურირებენ. 2014 წლის განახლებულ ამონაწერში შავლიაშვილი პარტნიორი უკვე არ არის, თუმცა არის ზვიად ჯანყარაშვილი, რომელიც 4.5%-ს ფლობს, სირაძეს კი აქციების 45% ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ საქმეზე იმყოფებოდა დაკითხვაზე თბილისის მერის ყოფილი მოადგილე მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.