თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დახურულ რეჟიმში მსჯელობს.

გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეს განიხილავს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი, თავად გრიგოლ ლილუაშვილი სხდომას არ ესწრება.

პროცესის დაწყებამდე ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადება წაიკითხა, რომელშიც ლილუაშვილი დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს.

„ჩემ მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. რამდენადაც ვიცი, დღეს ბრალდების მხარე მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. მიმაჩნია, რომ 24 საათში ფიზიკურად ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ პატივისცემას სასამართლოს მიმართ, მაგრამ, საქმის მასალების გაცნობამდე, სურვილი არ მაქვს, დავესწრო. ჩემს ინტერესებს დაიცავს ჩემი ადვოკატი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ბრალდების მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ბრალდებულის წინააღმდეგ არსებობს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები.

„დაკითხული არიან მოწმეები. მოწმეთა სახელები, გვარები და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია რომ არ გახმაურდეს, რომ არ შეექმნათ მათ საფრთხე, ამიტომ მოითხოვა პროკურატურამ სხდომის დახურვა“, – აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.