თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ბავშვთა საუკეთესო უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სუროგატი დედების მიერ სხვადასხვა დღეს გაჩენილი ტყუპების დაბადების თარიღად, სააქტო ჩანაწერში ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე დ.ბ.-ს სარჩელი, მოპასუხე სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა სააქტო ჩანაწერში შესულიყო ცვლილებები. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას.
სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელე დ.ბ.-მ და მ.კ.-მ გადაწყვიტეს ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით სამი ნაყოფის (სამი ტყუპის) დაბადება და გააფორმეს შესაბამისი შეთანხმება ორ სუროგატ დედასთან. არსებული სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ჩასახვის და ნაყოფის განვითარების პროცედურების მიხედვით ტყუპები ერთ კალენდარულ დღეს უნდა დაბადებულიყვნენ. თუმცა საკეისრო კვეთის დაგეგმილ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სუროგატ დედას, რომელიც ატარებდა ერთ ნაყოფს, ორსულობისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რის შედეგადაც ტყუპისცალი დაგეგმილზე 10 დღით ადრე დაიბადა. მეორე სუროგატი დედის ორი ნაყოფი კი სამედიცინო გეგმის მიხედვით განსაზღვრულ დღეს, ანუ 10 დღის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. აღნიშნულის გათვალისწინებით სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემულ დაბადების მოწმობებში ტყუპების დაბადების თარიღებს შორის 10 დღიანი ინტერვალი დაფიქსირდა.
მოსარჩელე მხარემ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაბადების მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაზეც მას ეთქვა უარი.
მოპასუხე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობდა დაბადების მოწმობაში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.