შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული, ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.








