პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო. 

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2022 წლის 10 ივლისს, სოფელ კარბში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ქვა ესროლა, რის შედეგადაც განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.