თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს: 

"გვსურს გამოვეხმაუროთ, მედიასაშუალებისა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 18 სექტემბერს, თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს იქნა დათხოვნილი და იგი უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღადგინა. 

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2018 წლის ივლისის თვეში, აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება.

ვგმობთ მომხდარ მძიმე ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარ შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს"- წერია განცხადებაში.

ცნობისათვის, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს გიორგი გახარიამ უფლებამოსილების გადამეტების გამო სამსახურიდან დაითხოვა.

დოლიძის ქუჩაზე, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა