პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს გიორგი გახარიამ  უფლებამოსილების გადამეტების გამო სამსახურიდან დაითხოვა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს პოლიციელი დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო. მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ რომ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა. შემდეგ, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია დატრიალდა. 
საინტერესოა, ასევე, როგორ ამუშავებენ მინისტრის იმ დროს გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობაში მხილებული პოლიციელის მიმართ დაუყოვნებლივ გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერი, ჩამოერთმეოდა სამსახურებრივი იარაღი და ხდებოდა დათხოვნა. 
ზოგადად ფემიციდის ფაქტებმა ხომ მოიმატა უმოქმედობის გამო და მართლა არ მეგონა ამ ნაწილშიც 2017 წლამდე პერიოდს თუ დავუბრუნდებოდით, როცა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ძალოვნების დაუსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო“,- წერს ნათია მეზვრიშვილი.

დოლიძის ქუჩაზე, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა