შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ. აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1
სამართალდამცველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები აქციის დაწყებისთანავე იყვნენ მობილიზებულები რუსთაველის გამზირზე და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.
სხვადასხვა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერებში ნათლად ჩანდა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურას, გზის საფარს, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში
რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ასევე კერძო პირთა ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.
აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, რუსთველი გამზირზე, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
ტერიტორიაზე დემონსტრანტები აღარ იმყოფებიან, თუმცა საპოლიციო დანაყოფების ნაწილი ადგილზე რჩებიან.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და შსს-ს თანამშრომლები.
შეგახსენებთ, შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
მანამდე კი შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადა ნათქვამი იყო აქცია გასცდა მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, დაემორჩილეთ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ". რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.