მწამს, რომ თქვენ გამოიტანთ სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას - ბატონო მოსამართლევ, შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა.
„მჯერა, რომ თქვენ შემოიფარგლებით მხოლოდ იმით, რაც გაარკვია სასამართლომ. დღეს ამ დარბაზში წყდება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ამავდროულად აქ წყდება საქართველოს მომავალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვშუამდგომლობ თქვენ წინაშე, რომ მიხეილ სააკაშვილიგათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, იგი მძიმე ავადმყოფია, ან ალტერნატივის სახით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად მოხდეს მისი განაჩენის აღსრულების გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე ან გამოჯანმრთელების მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, ვინაიდან , მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
გარდა ამისა, მინდა დავამატო და გამოვთქვა ჩემი პოზიცია. საქმეში ჩემი ჩართვის შემდეგ არ გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება, არც ამჟამად არ ვაკეთებ მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე. ამ საქმეს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი გამარჯვებული, საქართველო. წარმოუდგენელია „ვეფხისტყაოსნის“ ერს 21-ე საუკუნეში პრეზიდენტი ციხეში უკვდებოდეს. ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ გვეყო დაპირისპირება, ლანძღვა, შურისძიება, მინდა ვიყოთ მიმტევებლები და ჰუმანურები, უნდა დავიწყოთ ძლიერი საქართველოს შენება, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად ჩვენნაირი პატარა ერი ვერ გადარჩება, ბატონო მოსამართლევ, დღეს თქვენ შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას. ეს შანსი თქვენ ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა თქვენ ხელთაა. მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალყურს რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. ვართ კი ჰუმანიზმის მატარებელი ერი თუ ისევ იქ ვართ, როცა პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვკალით“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.