Tთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.  

საქართველოს პროკურატურამ ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.