დღეს, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამ კანდიდატს - ვიქტორ ახალბედაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძეს და გიორგი გაბიტაშვილს უყარა კენჭი.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საპროკურორო საბჭოს თერთმეტმა წევრმა. მათ ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე მისცეს ხმა.
ხმების დათვლის შედეგად გამარჯვებულ კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი დასახელდა. მან 11 დადებითი ხმა მიიღო.


,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით პარლამენტს წარუდგენს.

ცნობისთვის, კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა.  დარეგისტრირებული კანდიდატები.

იურისტი და ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს.

იურისტმა და ადვოკატმა ანდრონიკ სარიბეკოვმა საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“ წარმოადგინა.

იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი  ლალი ბუნტური   მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ” წარმოადგინა.  

იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ წარმოადგინა.იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - პარტია „საქართველომ“ წარმოადგინა.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“ წარმოადგინეს; ასევე გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.

იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი ა.ი.პ. „უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარმოადგინა.

შეგახსენებთ, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განცხადება გაავრცელა. სადაც ნათქვამია: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვტოვებ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას