თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მოკლული ქალის ოჯახი სიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ფსიქიკური პრობლემები აქვს, რის გამო, სასჯელის ნაწილს სამკურნალო დაწესებულებაში მოიხდის, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ნაწილს ციხეში. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის  21 მაისს, ქ. თბილისში, დ. გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.