დავით ბეჟუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, დავით სააკაშვილი  დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი - სააქციო საზოგადოება ავტოგაზის ყოფილი დამფუძნებლები „აიპრესთან“ საუბრისას იმ დეტალებს ყვებიან, თუ როგორ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ზემოთ ჩამოთვლილი მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ ჯერ მათი გაკოტრებ, შემდეგ კი წილების გადაფორმება.

მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტს „ავტოგაზის საქმეში“ ბევრი ახალი დეტალის შესწავლა მოუწევს. საქმე მასში მონაწილე მაღალჩინოსნების სიუხვით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
საქართველოს პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და პრემიერ მინისტრი - დაზარალებულმა ბიზნესმენებმა ყველა უწყებას მიმართეს რეაგირებისთვის, თუმცა დღემდე შედეგი არ დამდგარა.
 
წერილი პრემიერს...
დაზარალებულმა ბიზნესმენებმა პრემიერს წერილით ჯერ კიდევ 2014 წლის 30 ოქტომბერს მიმართეს.
 
"ბატონო პრემიერო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩვენი კომპანიის, ისე როგორც სხვა ათასობით  კეთილსინდისიერი გადამხდელის, წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო.
 
პარლამენტარმა დავით ბეჟუაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი კომპანიის აქციების 100 % ხელში უკანონოდ ჩაეგდო. პროცესში, რომელიც 2003 წლიდან დაიწყო, ჩართული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა - დავით სააკაშვილი, მაშინდელი  გენერალური პროკურორი  ზურაბ ადეიშვილი, ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი დავით კეზერაშვილი, კახეთის მაშინდელი გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი... მათი მოადგილეები, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები, კუდის თანამშრომლები,  პროკურორები, ადვოკატები და მოსამართლეები…
 
2006 -2007 წლებში კი კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა, აქციონერებისა და თანამშრომლების დაპატიმრებით, მათთვის აბსურდული ბრალდებების წარდგენით,  კომპანიისთვის მილიონობით ლარის დაკისრებით და კომპანიიდან  ჩვენი, კეთილსინდისიერი მფლობელების, საბოლოო გამოძევებით დასრულდა.  კომპანია ამ დრომდე  პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის მფლობელობაში რჩება. "
 
საქართველოს პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, სააქციო საზოგადოება "ავტოგაზის" ყოფილმა აქციონერებმა ღია წერილით მიმართეს.
 
"დავით ბეჟუაშვილის შუამავალმა გიორგი ქოიავამ (ამჟამად მას ბრალად ფულის გათეთრება ედება და სასამართლოს განაჩენს ელოდება),  რომელიც  ბეჟუაშვილზე წილების გადაფორმებას ჩვენგან  წლების განმავლობაში ითხოვდა, განგვიცხადა, რომ არც გამოძიებას და მითუმეტეს ჩვენს მცდელობას აზრი არ აქვს  - გიორგი ქოიავას თქმით მას და დავით ბეჟუაშვილს "ქართული ოცნების" ლიდერებისგან, თავად ბიძინა ივანიშვილისგანაც კი, ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ.
 
დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და დავით ბეჟუაშვილს მსგავსი სახის განცხადებების გაკეთება, ბიზნესწრეებში რეპუტაციის ასამაღლებლად სჭირდება."  _ ნათქვამია ამავე წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სააქციო საზოგადოება ავტოგაზის ყოფილი აქციონერები: თენგიზ მაჭავარიანი; გია ღოღობერიძე; გიორგი გერსამია; ოთარ გერსამია; ზურაბ ლილუაშვილი; ირაკლი ნიკოლაიშვილი; გიორგი ერისთავი;  დავით ბერაძე.
 
დეტალების უკეთ გასარკვევად  "ავტოგაზის" ერთ-ერთ ყოფილ აქციონერს, თენგიზ მაჭავარიანს დავუკავშირდით:
 
როგორც კომპანიის ისტორიიდან ირკვევა, 1998 წელს "ავტოგაზმა" გააკეთა პრივატიზაცია და  სახელმწიფოსგან აქციების 50%  თანამშრომლებმა გამოისყიდეს.  პრივატიზაციის მეორე ეტაპი  1999 წლის ზამთარში მოხდა, რის შემდეგაც "ავტოგაზი"  მთლიანად გადავიდა კერძო საკუთრებაში. აქციონერები იყვნენ თანამშრომლები.
 
- ბატონო თენგიზ, საიდან  და როგორ დაიწყო თქვენი  პრობლემები?
 
- პრივატიზაციის პერიოდში საქართველოს ჰქონდა თურქმენეთის გაზის ვალი. იმ პერიოდში ბეჟუაშვილი იყო "საქგაზის" დირექტორი. მან მთავრობაში შეიტანა წერილი პრივატიზაციამდე, რომ ქვეყნის  ვალს დაფარავდა და სანაცვლოდ ითხოვდა საკუთრებაში  გადაეცათ მისთვის "თბილგაზი", "ავტოგაზი" და საქთხევადგაზი".  ეს ხდებოდა მანამ, სანამ "ავტოგაზი" აქციონერების საკუთრება გახდებოდა.
თუმცა, პრივატიზაციის პერიოდში "ავტოგაზმა" დიდი სამუშაოები გასწია და გადაფასებებიც გაკეთდა. ბეჟუაშვილს აქციონერებმა დაასწრეს და  შეიტანეს თანხა, რითიც იყიდეს   საკონტროლო პაკეტი.
 
მალე მეორე 50 % -იც შევისყიდეთ, დარჩენილი იყო 4-5 %, რომელსაც ბეჟუაშვილი ითხოვდა,  ეს მაინც მომეცითო, მაგრამ უარი უთხრეს.  ამის შემდეგ, სიტუაცია ჩაწყნარდა. "ავტოგაზი" ჩვეულებრივად მუშაობდა და აშენებდნენ  ახალ სადგურებს.
 
თუმცა, 2003 წლის შემდეგ ყველაფერი აირია. მოხდა თუ არა  ვარდების რევოლუცია,  ნოემბერ-დეკემბერშივე ჩვენთან მოვიდა გიორგი ქოიავა, რომელიც იყო "საქთხევადგაზის" მეპატრონე, ბეჟუაშვილის მარჯვენა ხელი და გვითხრა, რაღაც პროცენტი ჩვენ უნდა მოგვცეთო. ჩვენ ვკითხეთ, რატომ უნდა მოგცეთო? იმიტომ, რომ თქვენ ახალ ხელისუფლებაში პატრონი არ გყავთ და ბეჟუაშვილი დაგიდგებათ თავის მილიონებით და თავისი ერთი "დიდი ადგილით", ხომ იცით ეგ მიშას პრიამოი ძმაკაცია, ბევრი ბიზნესი აქვთ ერთადო. ჩვენ უარი ვუთხარით. რაღაც დროის შემდეგ, ქოიავა დანიშნეს  გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორად. ბეჟუაშვილი ნელ-ნელა იწყებს უკვე გაზის ბიზნესის ხელში ჩაგდებას. ჩვენ ხელშეკრულება დადებული გვქონდა სწორედ გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან და ფულს  მათ ვუხდიდით.  
 
დაიწყო ჩვენსა და ქოიავას შორის ცუდი ურთიერთობა. ცდილობდა ათასნაირი მიზეზი ეპოვა ჩვენი მუშაობის შესაფერხებლად. რაღაც პერიოდის მერე ქოიავა კიდევ გვეუბნება, ხომ ხედავთ, პატრონი არ გყავთ, ბეჟუაშვილს მიეცით 50%-იო. კიდევ ერთხელ ვუთხარით უარი შემოთავაზებაზე.
 
- როგორ განვითრდამოვლენები მას შემდეგ, რაც შემოთავაზებაზე უარი თქვით?
 
- 2005 წელს  თელავში "ავტოგაზის" ერთ-ერთი გაზგასამართი სადგურის უფროსი, ჩვენი მეგობარი  შოთა დემინაშვილი  დაიჭირეს   თავის ორ შვილთან ერთად. შეუგზავნეს ადეიშვილის დეიდაშვილი თუ ბიძაშვილი, რომელმაც შოთას  პროვოკაცია მოუწყო და დაიჭირეს.  ამ ამბის შემდეგ დამირეკა დავით კეზერაშვილმა, რომელსაც მანამდე საერთოდ არ ვიცნობდი დათო კეზერაშვილი ვარო, ახლა ჩახვალ თელავში და გაზგასამართ სადგურს გაახსნევინებო. შოთა რომ დაიჭირეს, სადგური დაკეტეს.  ჩავჯექი მანქანაში და წავედით თელავში. მივხვდით, რომ ჯობდა სადგური გაგვეხსნა, თორემ უარეს დღეში ჩააგდებდნენ შოთას.
 
შოთა დემინაშვილის დაკავების შემდეგ  ჩვენ, აქციონერები  დაგვიბარა ზურაბ ადეიშვილის ძმამ, დათო ადეიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილის ბიძაშვილმა დათო ცისკარიშვილმა მაშინ პეტრე იყო გუბერნატორი და დათო ცისკარიშვილი იყო მისი მრჩეველი. პირდაპირ გვითხრეს, კახეთში რა სადგურიც გაკეთდება, ყველაფრის წილში უნდა ვიყოთო.  ასეც მოხდა.
 
ამის შემდეგ, "ავტოგაზის" აქციონერები დაგვიბარა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც გენერალური პროკურორი იყო.  მისულები ვიყავით მე, პეტრე ცისკარიშვილი, მერაბ კალანდაძე და დავით კეზერაშვილი. გვკითხა გეგმებზე. მეც ავუხსენი, რომ ქსელის გაკეთება გვინდოდა მთელს საქართველოში. მოეწონა ყველაფერი და წამოვედით. მარტის თვეში კი კეზერაშვილმა ისევ დამიბარა და მითხრა: არავისთან ერთად არაფერს არ გააკეთებთ, თუ ვინმე მოვიდა, ვისი ძმაც არ უნდა იყოს და ვისი ნათესავიც, ყველას უარს ეტყვით წილში შეყვანაზეო. ის ერთი გაზგასამართი სადგური, „მუკუზანი“, გამონაკლისის სახით ზურამ დაუშვა თავისი ძმისთვის და ამით დამთავრდა ყველაფერიო.
 
ამ ყველაფრის უკან იდგა დავით ბეჟუაშვილი, რომლის ხელშიც იყო მთელი ენერგეტიკა. ბეჟუაშვილის მთავარი ლობისტი კი  იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გაზი და ენერგეტიკა ბეჟუაშვილს გადააბარა.
 
ამ პერიოდისთვის, ბეჟუაშვილმა წამოიყვანა ქოიავა და დაანიშნინა "თბილგაზის" გენერალურ დირექტორად, უკვე ყაზახების იყო, ანუ ყაზტრანსგაზის.
უკვე ძალიან დაიძაბა სიტუაცია ჩვენს შორის, ამიტომ წერილობით მივმართეთ სემეკს და ვთხოვეთ რეაგირების მოხდენა. სემეკმა მიწერა წერილი ქოიავას. ამ უკანასკნელმა სემეკს უპასუხა, საშუალება არ მაქვს ამდენ გაზს ვერ გავატარებ მაგისტრალშიო. ვინც ამ სფეროში ერკვევა, ის კი მიხვდება, რომ ამის თქმა ენით აუღწერელი სისულელე იყო. მერე ისევ მოვიდა ჩვენთან  ქოიავა და გვითხრა, წილში თუ შეგვიყვანთ მე და ბეჟუაშვილს, ყველაფერზე მოვილაპარაკებთო. ისევ უარი ვუთხარით."
 
- როგორც ვიცით, თქვენი აქციონერები დაიჭირეს. ეს ყველაფერი იმას მოყვა, რომ ბეჟუაშვილს წილი არ მიეცით?
 
რა თქმა უნდა, სწორედ მაგას მოყვა.ერთსა და იმავე დღეს დაიჭირეს ჩვენი აქციონერები  გია ღოღობერიძე და მერაბ კალანდაძე (გარდაცვლილია). დაიჭირეს სხვადასხვა ბრალდებებით. ღოღობერიძე წაიყვანეს და უთხრეს, შენ თუ დაწერ იმას, რომ ფულს აძლევდი გაზის კორპორაციის პრეზიდენტს, დათო ინგოროყვას, გაგიშვებთ საპროცესოთიო...
 
ღოღობერიძესთან ერთად დაიჭირეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორი თანამშრომელი  ურუშაძე და დოლიძე და ერთი ჩვენი მეგობარი გოგო, რომელიც რესპუბლიკა ბანკის ფილიალის მმართველი იყო.
 
ამ გოგოსთან ვინახავდით გარკვეულ თანხას, რომელსაც ვზოგავდით. ეს იყო ჩვენი დივიდენდის თანხები. ღოღობერიძეს ბრალს ისე ვერ წაუყენებდნენ,   ვინმესთან ალიანსში ყოფნა რომ არ დაებრალებინათ, რადგან აქტი ორმხრივად დგებოდა. დაიჭირეს ეს გოგოც და უთხრეს, თუ არ დაწერ რომ შენთან მოპარული გაზის ფული იყო, დიდ "სროკს" მოგცემთო. რა უნდა ექნა ამ გოგოს? თქვა, რომ ჩემთან შენახული თანხა ჩემი ვარაუდით იყო აღურიცხავი გაზიდან შემოსული თანხაო.  ძიება დაიწყო ფინანსურმა პოლიციამ. 
 
საბოლოო ჯამში, ფინანსურმა დაწერა აქტი და კომპანიას დაარიცხა  დაახლოებით მილიონნახევარი ლარი.  მოგვიანებით, გამოგვიცხადეს, ეს აქტი გაუქმდა და იანვარში დაგვარიცხეს დაახლოებით 6 მილიონი. ეს ბიჭები ისევ ციხეში სხედან მძევლებად.
ამასობაში დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ  რომ  წილის გარკვეული ნაწილი გაგვეყიდა 20-30 მილიონად. ნაწილით უნდა გადაგვეხადა ფინანსურის დაკისრებული თანხა და ნაწილით საპროცესოს და ბანკის ვალების ფული.  რა თქმა უნდა, ეს ამბავი გაიგეს და მოვიდა ისევ ქოიავა,  არავის არ მიყიდოთ, თორემ  ბეჟუაშვილი ციხეში ჩაგყრით ყველასო. ბეჟუაშვილის პირობა ასეთი იყო:  50% უნდა მიგვეცა იმ ფასად, რაც ფინანსურმა დაგვარიცხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღოღობერიძე და კალანდაძე ისევ ციხეში დარჩებოდნენ და კიდევ სხვებიც დაემატებოდნენ.
 
მივხვდით, რომ სხვა გზა არ გვქონდა და "ავტოგაზმა"  გაუფორმა ხელშეკრულება 50% -ის  ყიდვა-გაყიდვაზე "საქთხევადგაზს".
როგორც კი "საქთხევადგაზს" 50 % გადავუფორმეთ, ღოღობერიძეც და კალანდაძეც მეორე დღესვე გამოუშვეს.
 
 - და მეორე 50 %თან დაკავშირებით რა ხდებოდა, რომელიც ჯერ კიდევ თქვენს საკუთრებაში რჩებოდა?
 
 - ამის შემდეგ,  ბეჟუაშვილი შეგნებულად დაიწყო "ავტოგაზის" გაკოტრება. უნდოდა დარჩენილი 50% ის წაღებაც.  დირექტორიც და სამეთვალყურეოს თავმჯდომარეც თავისი დანიშნა. ავტოსადგურებზეც კი თავისი ხალხი მიიყვანა. დირექტორად დასვა წიკლაური, რომელიც თეთრიწყაროში მუდმივად მისი საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ასევე თავისი კადრი, ნათია თურნავა დანიშნა. ეს ყველაფერი გადაფორმდა ბეჟუაშვილის "ჯიაიჯიზე", მერე სხვა კომპანიაზე, მერე ისევ ჯიაჯიზე და გადაერქვა სახელი და დაარქვეს "ავტოკოლონა".
 
ძალიან მალე, ისევ მოვიდა ქოიავა და გვითხრა, რომ  დარჩენილი 50 %-იც უნდა მისცეთ ბეჟუაშვილისთვის, თორემ ციხეში წახვალთ ყველაო. ზუსტად ვიცოდით, რომ ეს მუქარა რეალური იყო.  აი, ასეთი ზეწოლითა და შანტაჟით იყიდა  ბეჟუაშვილმა 3 მილიონად დარჩენილი 50%, რომელსაც სამი წლის მანძილზე იხდიდა... ასეთი  ბინძური მეთოდებით მითვისებული კომპანია კი ისევ მის ხელშია. ამიტომაც ვთხოვთ პრემიერს,  ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს საქმეს და უპასუხოს ჩვენს და ჩვენს გარშემო მყოფი იმ ადამიანების მოლოდინებს, ვისაც სამართლიანობის  აღდგენის პირობა მოთმინების და მომავალში იმედით ყურების ძალას აძლევს.
 
„აიპრესმა“ არაერთხელ სცადა დაკავშირებოდა თავად დავით ბეჟუაშვილს დეტალების გასარკვევად, თუმცა უშედეგოდ. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.