საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი გაიმართა.

მეგის ქარდავამ უსაფრთხოების გამო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა და დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

მეგის ქარდავამ სასამართლოსგან მოითხოვა, პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლომდე სხვა პატიმრების გარეშე გადაიყვანონ, რაზედაც მოსამართლეებისგან უარი მიიღო.

ამასთან, იგი უარს აცხადებს სასამართლო განხილვაში დისტანციურად ჩართვაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესში მხოლოდ იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ პოზიცია დაეფიქსირებინა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 2024 წლის 26 იანვარს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, მეგის ქარდავას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე  მიესაჯა

ცნობისთვის, მეგის ქარდავა არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. საბოლოოდ, 2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში მსჯავრდადებულის ექსტრადირება განხორციელდა.

მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან ექვსზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ხუთი სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში