გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 178 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 124 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 51 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. აჭარაში დაფიქსირდა 30 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, სამცხე-ჯავახეთში - 18, იმერეთში - 15, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 13, ქვემო ქართლშიც - 13, შიდა ქართლში - 9, გურიაში კი - 1.
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტია გამოვლენილი დედაქალაქშიც.
ჯამში ამოღებულია 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1493 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.