გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითიზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 111 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 65 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 46 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 25 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში.
იმერეთში დაფიქსირდა 18 სამართალდარღვევა, კახეთში - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთშიც - 12, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლში - 5, გურიაში - 2, 1 სამართალდარღვევა კი გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთში.
ჯამში ამოღებულია 115 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის შვიდ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1003 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 44 უკანონო სახერხი საამქრო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24- საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.
პარალელურად, მკაცრდება სანქციები უკანონო ტყითსარგებლობაზე. კომპლექსურად, ყველა ამ ქმედების შედეგი ისაა, რომ ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება.