რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34%-ს დავარტყით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
"დიდი მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, პირადად გენერალ მალიუკს და ყველა ადამიანს, ვინც ოპერაციაში მონაწილეობდა. ოპერაცია წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაგეგმვა, ორგანიზება და ყველა დეტალი უნაკლოდ იყო აღსრულებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო.
ყველაზე საინტერესო ისაა - ახლა ამის საჯაროდ თქმაც შეიძლება - რომ ჩვენი ოპერაციის "ოფისი" რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი რეგიონის ФСБ-ს მთავარი სამმართველოს გვერდით მდებარეობდა.
საერთო ჯამში, ოპერაციაში 117 დრონი, და შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები იყვნენ ჩართულნი.
სამხედრო ბაზებზე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34 პროცენტს დავარტყით.
ოპერაციის მონაწილეები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში, სამ საათობრივ სარტყელში, მოქმედებდნენ. ოპერაციის აღსრულების წინ ჩვენ ისინი რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ და ახლა უსაფრთხოდ არიან.
დიდება უკრაინას!" - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.