საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. 

ადვოკატის ამირან გიგუაშვილი თქმით,  „ტვპირველის“ გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სიუჟეტი, რომელიც  2024 წლის 6 აპრილს გავიდა, დედოფლისწყაროს რაიონში არსებული ღვინის ქარხნის , შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა, არის სიცრუე. 

„დღეს ჩვენ სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ სასამართლოს მიერ ცილისწამებად იქნეს აღიარებული ტელეკომპანია „ტვ.პირველის“ გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ეს სიუჟეტი არის ნათელი მაგალითი, იმ წინასწარ დაგეგმილი ცილისწამების კამპანიისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს „ტვ. პირველი“ და კონკრეტულად გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის მიმართ.

ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ სიცრუეზე და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათი“-ს მიერ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, კანონით დადგენილი წესით, თავად „ტვ. პირველმა“ აღიაროს, რომ ეს სიუჟეტი იყო სიცრუე. საზოგადოება კარგად დაინახავს, რომ როგორც ქარხნის შეძენა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ, ისე შემდგომში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ფრანგ ინვესტორთან, სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და რომ მთელი ეს ცილისწამების კამპანია ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის დისრკედიტაციის მცდელობას“, -  განაცხადა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილი.