პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის მხრიდან გახდა ცნობილი.
„სასამართლოში დაყენებული იყო შუამდგომლობა და წარედგინა მტკიცებულებები მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გაცემული იყო ციხის საექიმო პერსონალის მიერ. მითითებული იყო, რომ თუ ის ამ რეჟიმში დარჩებოდა, შესაძლოა, დამდგარიყო გაუთვალისწინებელი შედეგი. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და პატიმრობა 6000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა. გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა, თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. გოგი წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.