ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუხილი, რომელიც მაქვს, არის ის, რომ სამოქალაქო ომში მხარე ვიყავი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
მან სამოქალაქო ომის პერიოდი გაიხსენა და ისაუბრა, უსვრია თუ არა მას როდისმე, ვინმეს წინააღმდეგ.
„არჩევანი, რომელიც გავაკეთე, დღესაც რომ იყოს არჩევანი - რომელ მხარეს უნდა ვყოფილიყავი, ალბათ, ისევ იმ მხარეს ვიქნებოდი. თუმცა, მერე რომ გავიაზრე, აქეთაც და იქითაც ქართველები იყვნენ, ისევე როგორც დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ვითარება და გარკვეული ადამიანების საქმიანობა, ისინი ჩემი მტრები არ არიან. მე მათ არ ვეთანხმები, წინააღმდეგი ვარ და ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუშალო მათი გეგმების განხორციელებას ქვეყანაში, ასევე იყო მაშინაც, სამოქალაქო ომის დროს, რომელიც მძვინვარებდა. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძლებლობა მომცა, მახსოვს, ფილარმონიაში დიდი შეკრება იყო, სადაც სხვადასხვა ქართული სამხედრო ფორმირების წარმომადგენლები ისხდნენ, ვინც ერთმანეთს იარაღით უპირისპირდებოდა, მაშინ გამოვედი და მათ ვუთხარი, მაპატიეთ-მეთქი“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ასევე მოხდა სამეგრელოშიც. ხაინდრავამ აღნიშნა, რომ „მას იარაღი არასდროს უსვრია“.
„შესაძლოა, ტირში, მიზანში სროლისას. აფხაზეთშიც კი, სადაც ომი მძვინვარებდა, პატარა იარაღი მედო. ნუ, შესაძლოა, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდე, რომ სხვა გამოსავალი არ გქონდეს, მაგრამ არათუ მისვრია, არავისთვის მიმიშვერია. ასე, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ისევე როგორც მითია, რაც ყველაზე მძიმედ აღიქმება ჩემთვის, რომ გოგა ხაინდრავა სამეგრელოში იარაღით დადიოდა და იქ რაღაცას აკეთებდა, ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, იარაღიდან მას არც თბილისში უსვრია და არანაირ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. ხაინდრავამ ასევე უარყო, რომ იგი „მხედრიონის“ წევრი იყო.