საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასაახალწლოდ, დამდეგი შობა-ახალი წელი ტრადიციულად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებს და მოხუცებს მიულოცეს. უწყების თანამშრომლებმა ცენტრის მზრუნველობას მოკლებული პატარები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოხუცები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, ცენტრში მყოფ მოხუცებს ჯანმრთელობა, პატარა აღსაზრდელებს და მოზარდებს სწავლაში წარმატება უსურვეს. ისინი საახალწლო საჩუქრებით გაახარეს და საკვები პროდუქტები, ტკბილეული, წიგნები, სათამაშოები, სასაჩუქრე კალათები, ჰიგიენის საშუალებები და პირველადი საჭიროების სხვადასხვა ნივთი მიუტანეს.
თანადგომის და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის, ყოველი წლის დასასრულს, საგამოძიებო უწყება საქველმოქმედო საახალწლო აქციას ახორციელებს, რომელშიც საგამოძიებო სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული.