„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ თავის ადვოკატზე უარი თქვა და დარბაზიდან დაითხოვა.
ბრალდების საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით უნდა გახსნილიყო, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად ადვოკატ ლექსო კობაიძეს პროცესიდან ჩახსნის შესახებ ესებუას გადაწყვეტილება მოსამართლემ გააცნო. ამის შემდეგ ბრალდებულმა საქმეს ჩამოშორებულ ადვოკატს დაუდასტურა, რომ არ სურს მისი ინტერესები კობაიძემ დაიცვას.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.








