28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე მომხარი დაპირისპირების დროს 20 წლის მირიან კუკავა მოკლეს.
2022 წლის 31 ივლისს საქართველოს პროკურატურამ,  გაავრცელა განცხადება, რომ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით 8 პირს ბრალდება წარუდგინა დღეს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საქმეში ბრალდებული 8 პირი , რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, ხუთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, სამიკი პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დ.ჯ. – დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. სამართალდამცველებმა რვა პირი, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. პროკურატურამ დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და მართლმსაჯულება აღსრულდეს." ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში