ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და ილია ინჯიასთან ერთად, 3.3 კმ-იანი ადგილობრივი მნიშვნელობის ნაკიფუ-ულურიას დამაკავშირებელი გზის და ნაკიფუდან ჩხოროწყუმდე მისასვლელი 5 კმ-იანი ადგილობრივი გზის მდგომარეობას გაეცნო და ამ თემაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული გზის რეაბილიტაციის მიზნით სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები.
მინისტრი წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 14-კილომეტრიანი მონაკვეთიდან უკვე დასრულებულია 7 კმ-ის რეაბილიტაცია, დანარჩენ ნაწილზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. მინისტრი, ასევე, გაეცნო სოფლების - ჯაღირასა და ობუჯის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას.
რევაზ სოხაძემ შეხვედრა გამართა წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ, 470 მოსწავლე დროებით N2 სკოლაში სწავლობს. როგორც სოხაძემ განმარტა, სკოლების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა და წალენჯიხის N1 სკოლის პროექტირებისა და მშენებლობის პროცესი მალე დაიწყება.
სამეგრელოში ინტენსიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა – სოფლებში ჯგალსა და ობუჯში შენდება ორი 50-ბავშვზე გათვლილი, სრულად ადაპტირებული ბაღი. გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს დაფინანსებით კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
წყალმომარაგების კუთხით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს წალენჯიხასა და ჯვარში. წალენჯიხაში სრულად განახლდება 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემა, რომელიც 6,250 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი. პროექტის დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. ქალაქ ჯვარში სისტემა უკვე ამოქმედდა, ხოლო ჭაბურღილის დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მინისტრი სოფელ ჯგალშიც იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად.
ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.