რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.