საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მეზღვაურებს აფრთხილებს, არ ენდონ თაღლითურ ჯგუფებს, რომლებიც პანდემიის პირობებში, ე.წ. „მწვანე დერეფნების“ მეშვეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას პირდებიან.
სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი ფაქტების შესახებ, უკვე ეცნობა შესაბამის ორგანოებს რეაგირებისაათვის. სააგენტოს ინფორმაციითვე, პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევები შეეხო საზღვაო ტრანსპორტის თითქმის ყველა მიმართულებას, როგორც სანავსადგურე სექტორში, ასევე გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ციკლის უზრუნველყოფის მიმართულებით. „დღემდე სანავსადგურე სექტორი შეფერხებების გარეშე აგრძელებს მუშაობას, მეზღვაურების როტაციის პროცესი კი - ქართველი მეზღვაურებისათვის სპეციალურად შექმნილი დერეფნების მეშვეობით ხორციელდება. ამ ე.წ. “მწვანე დერეფნებით” უზრუნველვყოფთ მეზღვაურების როგორც გემიდან დაბრუნებას, ასევე გემზე სამუშაოდ წასვლას. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაეხმარა საქართველოს მოქალაქე 1200-მდე მეზღვაურს და სხვა ქვეყნის მოქალაქე 100-მდე მეზღვაურს. დერეფნებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ დადასტურებული კონტრაქტის პირობებში, რომლის ნამდვილობაც მოწმდება უშუალოდ გემთმფლობელთან, და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხორციელდება მხოლოდ დადასტურებელი დასაქმების შემთხვევაში. ბოლო პერიოდში არსებული სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან დოკუმენტების მოგვარების მიზნით მეზღვაურებს სძალავენ ფულად თანხას. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია შესაბამისი ორგანოები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებასა და გემებზე დასაქმებაში, რისი დასტურიცაა ის 1200-მდე ქართველი მეზღვაური, რომლებიც შეფერხების გარეშე დაბრუნდნენ ქვეყანაში ან გაემგზავრნენ ქვეყნიდან, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების და საქართველოს საკონსულო სამსახურების 24 საათიანი მუშაობის შედეგად“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში. უწყება მოუწოდებს მეზღვაურებს, რომ იქონიონ მჭიდრო კავშირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, როგორც ოფიციალური ფეისბუქის გვერდის, ასევე ცხელი ხაზის და იმეილების მეშვეობით: +995 577221689; crewchange@mta.gov.ge; seafarers@mta.gov.ge