ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი ,,ჰელვერის ღამე“.

საერთაშორისო ფესტივალი იმერეთის 20-მდე პროფესიულ, სამოქალაქო და სახალხო თეატრს აერთიანებს, ასევე ფესტივალში მონაწილეობს მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.

,,იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი თეატრალურ სამყაროში. ფესტივალი წელს კიდევ, უფრო მასშტაბურია. გარდა იმისა, რომ მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თეტრები, ასევე მონაწილეობენ ლიეტუვისა და მოლდოვის თეატრები.  თეატრის მოყვარულებს ძალიან საინტერესო ორი კვირა ელოდებათ, მათ შევთავაზებთ ახალ სპექტაკლებს. ასე, რომ ამ პერიოდში მთლიანად იმერეთის მასშტაბით იქნება თეატრალური ზეიმი” - ზვიად შალამბერიძე.

იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე წარადგენენ: კომედიურ, ტრაგედიულ, დრამატულ, ტრაგიკომიკურ და სხვა ხასიათის სპექტაკლებს.

,,თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში 12 ივნისიდან 26 ივნისამდე 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას ექნება საშუალება უსასყიდლოდ დაესწროს წარმოდგენებს და ეზიაროს თეატრალურ ხელოვნებას.

ფესტივალის ორგანიზატორებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საერთაშორისო ფესტივალის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით ,, ქართული თეატრის ქომაგი” დააჯილდოვეს.

საერთაშორისო ფესტივალმა წელს მე-15 სეზონი გახსნა.