სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წამლობა  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მონიტორინგის შედეგების მიღებისთანავე დაიწყეს. 

დღეისათვის, 800 ჰა-მდე ფართობია დამუშავებული. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, გრძელდება მონიტორინგი.

ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდება ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებშიც.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ განხორციელებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მავნებლის გავრცელების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი.

ამერიკული თეთრი პეპელა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული; საქართველოში ის 1976 წელს, იმერეთში დაფიქსირდა. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის განცხადებით, კახეთში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო წამლობა მწვანე საფარის დასაცავად და მოსავლის შესანარჩუნებლად ტარდება. სააგენტო მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენს და ამუშავებს მავნებლის გავრცელების კერებს.