საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს.
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული. მათ შორის არიან: ლალი ბუნტური, გრიგოლ გაგნიძე, დარეჯან ბუცხრიკიძე, ანდრონიკ სარიბეკოვი , სალომე ჯანუაშვილი, გიორგი გაბიტაშვილი, დავით ბარბაქაძე, ლაზარე ჯორბენაძე, პაატა შავაძე, ალექსანდრე კობაიძე და ვიქტორ ახალბედაშვილი.
მათგან 5 პირს სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო საბჭომ ხარვეზი დაუდგინა და მის აღმოსაფხვრელად ვადა 3 ივლისამდე ჰქონდათ. შესაბამისად, დღესვე გაირკვევა 5 კანდიდატის საკითხიც. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს.
ყველა პირთან საბჭო ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს. პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის პროცესი ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს კენჭს ფარული წესით უყრის და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს.