"ვიმყოფებით ქვეშეთი-კობის მშენებარე მონაკვეთზე, რომელიც არის უნიკალური პროექტი თავისი კონსტრუქციული გადაწყვეტებით. ამჟამად შენდება 23 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დროსა და მანძილს ქვეშეთიდან კობამდე. ასევე, კეთდება გუდაურის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზამთრის სეზონზე
უზრუნველყოფს შეუფერხებელ გადაადგილებას. წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ პროექტზე და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქვეშეთი- კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.


ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.

სოფელ წკერეს სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი, 15 მ დიამეტრის გვირაბი და მისი პარალელური 9 კმ-იანი საევაკუაციო გვირაბი 2024 წელს გაიჭრა. ამ ეტაპზე, მთავარ გვირაბში სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში რკინა-ბეტონით მოსახვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ქვეშეთი-კობის 9 კმ-ანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბია, რომელიც სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის შექმნილი გვირაბის საბურღი დანადგარით (TBM-ით) გაიჭრა. სამუშაოების TBM-ით წარმოება მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოქმედებას გარემოზე და უზრუნველყოფს მის მდგრადობას.


ამ დროისათვის, სულ, დასრულებულია 1 ხიდის და 3 გვირაბის მშენებლობა.

ახალი გზა სრულად უზრუნველყოფილი იქნება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით.
გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კავშირს რეგიონებსა და მთიან სოფლებთან, შეამცირებს დროს და მანძილს და ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათის ნაცვლად მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.
ასევე, გაუმჯობესდება იმ ათამდე სოფლის მოსახლეობის სოციალური პირობები, რომელიც საგზაო კავშირის გარეშე, თვეების განმავლობაში ვერ სარგებლობდა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებით.


პროექტი მოაგვარებს ზამთრის სეზონზე სატრანზიტო მოძრაობის შეზღუდვის პრობლემასაც.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობით შენდება. გვირაბის მშენებლობის ნაწილში თანადამფინანსებელია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც (EBRD).

პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.