საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო- სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქალაქ ონის მერიაში. შეხვედრას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, თანმხლებ მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანთან, კონტრაქტორი კომპანიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ონის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება.
სამუშაოები მოიცავს ძველი და ახალი „ჟიჟორეთის“ სათავე ნაგებობების რეაბილიტაციას, სანიტარული დაცვის ღობის აღდგენას, დამალული ჭების რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას, ასევე შემკრები ჭებისა და ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურის შეცვლასა და აღდგენას. განახლდება „ჟიჟორეთის“ სათავე ნაგებობებისა და
„წმინდაურას“ რეზერვუარის დამაკავშირებელი სადაწნეო მაგისტრალი.
პარალელურად, იგეგმება სატუმბი სადგურის მოწყობა სოფელ ღარში და საფილტრი სადგურის მშენებლობა წმინდაურში. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქვედრულასა და წმინდაურას შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის მოწყობას, წყლის გამწმენდი ნაგებობების აგებას, დაახლოებით 20 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელის მოწყობას და 1500 აღრიცხვის კვანძის დამონტაჟებას.
ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში საერთო სამშენებლო სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტის ღირებულება დაახლოებით 19 მლნ. ლარს შეადგენს, რომელიც სრულად სახელწიფო ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. შედეგად, დაახლოებით, 3 700 ადგილობრივი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.