ადგილობრივები მდინარე სუფსიდან ქვიშა-ხრეშის ამოღებას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.
,,პრობლემები უკვე დაწყებულია, აქედან 100 მეტრში საყანე ფართობებია და მოსავალი დაიკარგა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვია მდინარის დონის დაღრმავებამ, სიმინდი ვერ იღებს იმ რაოდენობის წყალს, რომელიც სჭირდება ზაფხულში. ჭებში წყალი შრება. ცენტრალური მაგისტრალი არ არის, ახლა კეთდება, მაგრამ ამ ეტაპზე წყალს დიდი მანძილიდან ვეზიდებით. მოვითხოვთ შეჩერდეს ქვიშა-ხრეშის მოპოვება ამ ტერიტორიაზე, ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, რომ ამ რაოდენობის აქედან გატანა არ შეიძლება. ხუთწლიანი ლიცენზია, რომელიც გაცემულია აღნიშნულ კომპანიაზე, 7 თვეში ნახევარზე მეტი გატანილი აქვთ. კიდევ 3000 მანქანა ხრეში უნდა გავიდეს აქედან და მერე აქ რა უნდა დარჩეს?! თუ არ შეჩერდება აქ სამუშაოები ძალიან ცუდად წავა საქმე. ხალხს ნერვები დაწყვეტილი აქვს და გაღიზიანებული არიან. ეს ჩვენი პრობლემები არაფრად მიაჩნიათ. უკიდურესობამდე მიდის უკვე საქმე“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,ახალი ქარხანა" ახორციელებს. მისი წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილან. ადგილობრივი ხელისუფლება კი კომენტარს არ აკეთებს.
აკეთის მოსახლეობამ საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც მიმართა. მისი წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვება, კანონდარღვევით მიმდინარეობს და საკითხის დეტალურად შესწავლას გეგმავენ.
ადგილობრივები მათ მოთხოვნაზე დაუყონებლივ რეგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავენ.