ორი დღეა ხულოს მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ორ, დაბალ ზონაში კი, ერთ მეტრს აღწევს. 


როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გზები მუდმივ რეჟიმში იწმინდება, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მაინც მოქმედებს.
„მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი, ასევე ცენტრალური გზები
უხვი ნალექისა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით“,-აცხადებენ, ხულოს მერიაში.
მერიაში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი - 551 00 52 72
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 88-კმ 106 (ხულო-კურორტი გოდერძი).