კახეთის რეგიონში კოლეჯების „აისი“ და „პრესტიჟი“ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხთან ერთად, მიიღო. მან კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამის სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრები გადასცა.

„გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებას ცხოვრების გზაზე. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანის წინსვლა, არა მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახების, არამედ საქართველოს გამარჯვებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში დანერგილი ინტეგრირებული პროფესიული პროგრამა, რომელთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება.

პროფესიული განათლება, მოკლე დროში ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, რაც შემდგომში მათ დასაქმებას უწყობს ხელს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ კოლეჯების მხარდაჭერაზე და ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა დაათვალიერა კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ასევე, სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქცია.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული განათლების სისტემაში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა 2020 წლიდან დაიწყო, რაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებას გულისხმობს. ამ ტიპის პროგრამების
დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა აქვთ სწავლა გააგრძელონ განათლებისშემდგომ საფეხურზე ან დასაქმდნენ.