ჯანდაცვის მინისტრი ხარაგაულის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რომლებსაც დაწესებულება პაციენტებს სთავაზობს.
მინისტრმა, პერსონალთან შეხვედრისას, მაღალი ხარისხის სერვისებსა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ინფრასტრუქტურული და საკადრო
განვითარების ხელშეწყობა გაგრძელდება. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს, ჯანდაცვის სისტემაში, ვინაიდან პაციენტისთვის დროული და პრევენციული სერვისების მიწოდება ხელს უწყობს დაავადებების გართულების თავიდან აცილებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ამ მიზნით, სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მათ შორისაა პირველადი ჯანდაცვის საპილოტე პროგრამა, რომელიც თავდაპირველად, 6 კლინიკაში ამოქმედდა, მათ შორის — ხარაგაულის "რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში".
რეფორმა ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის, უფასო გამოკვლევების ფართო სპექტრის დამატებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობას, გააუმჯობესებს მკურნალობის სწორად დაგეგმვასა და პაციენტთა ეფექტიან მართვას.
ხარაგაულის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, მინისტრთან ერთად, ქალაქის მერი კობა ლურსმანაშვილი და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი იმყოფებოდნენ.